Architectural | კონკურსების დებულება
7348
page-template-default,page,page-id-7348,ajax_fade,page_not_loaded,,qode-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-5.0.1,vc_responsive
 

არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების

ს ა ნ ი მ უ შ ო  დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თბილისი, 1999 წ.

დამტკიცებულია:

-საქართველოს ურბანიზაციის მშენებლობის სამინისტროს  1999 წლის 20 მაისის N71 გადაწყვეტილებით.

-საქართველოს არქიტექტორთა  კავშირის გამგეობის  ოქმი N2 18.01.1999წ

შეთანხმებულია – არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის – UIA-ს კონკურსების და გამოფენების კომისიასთან.

სანიმუშო დებულების წინამდებარე რედაქცია წარმოადგენს 1993 წლის 29 ივნისის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ N60 ბრძანებით დამტკიცებულ “არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი კონკურსების ჩატარების სანიმუშო დებულების”  გადამუშავებულ ვარიანტს, რომელიც ეყრდნობა შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

საქართველოს კანონი “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ”. • საქართველოს კანონი “სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთის შესახებ”. • საქართველოს კანონი “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ. • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წესდება. • არქიტექტორთა საერთაშორისო მორალური კოდექსი. • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პროფესიული ეთიკის კოდექსი. ზოგადი ნაწილი

1.1. შემოქმედებითი კონკურსები არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი მოღვაწეობის ყველაზე დემოკრატიულ ფორმას წარმოადგენს. კონკურსები მოწოდებულია გამოავლინოს ამა თუ იმ პროფესიული ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტა, ხელი შეუწყოს ახლებური აზროვნების დამკვიდრებას, პროფესიულ დაოსტატებას, შემოქმედებით აქტიურობას, ახალგაზრდა არქიტექტორების პროფესიულ ასპარეზზე წარმოჩენას, არქიტექტურის პოპულარიზაციას.

1.2. არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების წინამდებარე სანიმუშო დებულება (შემდგომ –“დებულება”) განსაზღვრავს საქართველოში ჩასატარებელი კონკურსების პირობებს; ამასთან, საერთაშორისო კონკურსები იმართება არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად.

1.3. დებულება ვრცელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ჩატარებულ კონკურსებზეც.

1.4. დებულება წარმოადგენს არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი შემოქმედებითი კონკურსების (შემდგომ – “კონკურსები”) ჩატარების სანიმუშო, გაშლილ ფორმას; იგი მოიცავს კონკურსების ჩატარების მეთოდურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამართლებრივ და ტექნიკურ მხარეებს.

1.5. ამა თუ იმ კონკურსის მომწყობი უფლებამოსილია კონკრეტული კონკურსის პროგრამასა და პირობებში შეიტანოს ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ კონკურსის ჩატარების ძირითადი მიზნების მიღწევას, თუ კი ეს ცვლილებები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ნორმატიულ დოკუმენტებს.

1.6. საქართველოს არქიტექტირთა კავშირი ურჩევს თავის წევრებს მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იმ კონკურსებში, რომელთა პროგრამა და პირობები შეესაბამება დებულების ძირითად პრინციპებს და “საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პროფესიული ეთიკის კოდექსს,” რაც დასტურდება საკ-ის ოფიციალური “თანხმობით.” სხვა შემთხვევაში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი თავს შეიკავებს კონკურსებთან დაკავშირებულ შესაძლო სადავო სიტუაციებში მათში მონაწილე კავშირის წევრების ინტერესების და უფლებების დაცვისაგან.

1.7. კონკურსის თემები შეიძლება მოიცავდეს არქიტექტურული და ქალაქთმშენობლობითი პრობლემატიკის მთელ სპექტრს _ იდეებსა და კონცეფციებიდან ვიდრე კონკრეტული არქიტექტურული ამოცანის გადაწყვეტამდე.

1.8. კონკურსი შეიძლება მოაწყოს საქართველოს და საზღვარგარეთის ნებისმიერმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, სასურველია საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის მოწყობის მსურველს არ გააჩნია კონკურსის სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობა, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი კისრულობს კონკურსის ჩატარებას, მომწყობთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

1.9. სახელმწიფო/მუნიციპალური მნიშვნელობის ობიექტზე (თემაზე) კონკურსის ჩატარებაში მონაწილეობს, ან მის პროგრამასა და პირობებს ითანხმებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური არქიტექტურულ_ქალაქთმშენობლობითი ორგანოები.

1.10. კონკურსის ჩატარების ფორმა შეიძლება იყოს: _ ღია, დახურული (შეკვეთით) ან შერეული; _ ანონიმური ან სახელობითი; _ მონაწილეობისათვის ფულადი შესატანით ან მის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პროგრამასა და პირობებში კონკურსის ჩატარების ფორმა არ არის მითითებული, კონკურსი ღიად ითვლება.

1.11 სახელმწიფო/მუნიციპალური ხარჯებით დახურული კონკურსის ჩატარება მიზანშეუწონელია.

1.12 კონკურსის ჩატარების ფორმას განსაზღვრავს კონკურსის მომწყობი. დახურული კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მონაწილეებს ასახელებს კონკურსის მომწყობი, საჭიროების შემთხვევაში, საკ-თან კონსულტაციით. შერეული კონკურსის ჩატარებისას მომწყობი, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს იმ მონაწილეებს, რომელთა ჩართვა კონკურსში მას საჭიროდ მიაჩნია. დახურული კონკურსების ჩატარების ანონიმური ფორმა მიზანშეუწონელია.

1.13 მნიშვნელოვანი კონკურსების ჩატარება მიზანშეწონილია ორ ტურად: _ პირველი ტური – არქიტექტურულ თუ ქალაქმშენებლობით იდეაზე, KOკონცეფციაზე; _ მეორე ტური ეწყობა პირველ ტურში გამარჯვებულთა შორის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად.

1.14. კონკურსის ჩატარების ხარჯებს გაიღებს კონკურსის მომწყობი. თუ კონკურსის მომწყობი ორი ან მეტია, კონკურსის დაფინანსება და მისი ჩატარების პირობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

1.15 სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტული კონკურსის პროგრამასა და პირობებს ორგანიზატორ(ებ)სა მონაწილე(ებ)ს შორის დადებული ხელშეკრულების (კონრტაქტის) შინაარსი აქვს, აქედან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგით.

კონკურსის ორგანიზაცია

2.1 კონკურსის მომწყობი უზრუნველყოფს; _ კონკურსის გამოცხადებასა და მისი შედეგების გამოქვეყნებას. განცხადება უნდა შეიცავდეს კონკურსის თემის დასახელებას, მის განმარტებას; კონკურსის პროგრამისა და პირობების გაცემის, აგრეთვე საკონკურსო პროექტების წარდგენის მისამართსა და ვადებს. დახურული კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მომწყობი იგივე ინფორმაციას წერილობით აცნობებს კონკურსის შერჩეულ მონაწილეებს; _ არაკონცეპტუალური, სარეალიზაციოდ გამიზნული კონკურსის სამართლებრივ მომზადებას (საავტორო უფლებები, საკუთრებითი ურთიერთობები, ინტერესების ჰარმონიზაცია და ა.შ.); _ კონკურსის პროგრამის, პირობებისა და ამოსავალი მასალის გამრავლებას და გადაცემას უსასყიდლოდ ან სასყიდლით; _ საკონკურსო პროექტების მიღება-რეგისტრაციას, შესაბამისი საბუთების გაცემას, პროექტების მოვლა-პატრონობასა და დაზღვევას; _ ფოსტით შემოსული პროექტების მიღებას და გადმოტანას; _ საკონკურსო პროექტების კატალოგის გამოცემას; _ საექსპოზიციო სათავსების გამოყოფას (დაქირავებას); _ ჟიურის, პასუხისმგებელი მდივნის, ექსპერტების მუშაობის პირობების უზრუნველყოფას; _ საკონკურსო პროექტების საჯარო განხილვას; _ კონკურსის მომწყობის მიზეზით საკონკურსო პროექტის დაკარგვის, განადგურების ან დაზიანების შემთხვევაში, შესაბამისი საბუთის წარმდგენელისთვის პროექტის სადაზღვევო ღირებულების გადახდას; _ კონკურსის დაფინანსებას და პრემიების გაცემას.

2.2. კონკურსის ჩატარების ვადების დადგენისას მისი მომწყობი უნდა გამოდიოდეს საკონკურსო თემის დამუშავების რეალური შესაძლებლობიდან. როგორც წესი, ერთტურიანი კონკურსების ჩატარების ვადა არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები, ორტურიანისა – 4 თვეზე ნაკლები. ამასთან, საკონკურსო პროექტების ექსპერტიზა, საზოგადოებრივი განხილვა და ჟიურის მუშაობა უნდა შემოიფარგლოს 2 კვირით.

2.3. კონკურსის მომწყობი გამოსცემს ბრძანებას (ფიზიკური პირის შემთხვევაში ადგენს ვალდებულებას), რომელშიც: _ განისაზღვრება კონკურსის ჩამტარებელი ორგანიზაცია (ორგანიზაციები) და პასუხისმგებელი პირები; _ მტკიცდება კონკურსის პროგრამა, პირობები, ჟიურის შემადგენლობა ხარჯთაღრიცხვა, გამარჯვებულთა დაჯილდოების პირობები; _ დახურული კონკურსის ჩატარების შემთხვევაში განისაზღვრება მისი მონაწილეები, ხოლო შერეული ტიპის კონკურსის შემთხვევაში _ მოწვეული მონაწილეები; _ დგინდება ამოსავალი მასალის გაცემის, საკონკურსო მასალების წარდგენისა და კონკურსის შედეგების შეჯამების ვადები; _ განისაზღვრება კონკურსის შედეგების გამოყენების სასურველი ფორმები (გამარჯვებული პროექტ(ებ)ის რეალიზაციის რეკომენდაცია, შემდგომი დამუშავების ორგანიზაციული ფორმა და ა.შ.)

2.4. კონკურსის მომწყობის მიერ დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის კონკურსის პროგრამასა და პირობებს, გასათვალისწინებელია: _ კონკურსთან დაკავშირებით განცხადებების გამოქვეყნება; _ კონკურსის პროგრამისა და პირობების შედგენა; _ ამოსავალი მასალების მომზადება და ტირაჟირება; _ საკონკურსო მასალების დაზღვევა; _ ჟიურის წევრების, პასუხისმგებელი მდივნის, მოწვეულ ექსპერტთა, ტექნიკურ მუშაკთა შრომის ანაზღაურება; _ კონკურსში გამარჯვებულთა პრემირება; _ საკონკურსო მასალების ფოტოფიქსაცია; _ საკონკურსო მასალების კატალოგის გამოცემა; _ სატრასპონტო და საფოსტო ხარჯები; _ კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო სათავსების გამოყოფა თუ დაქირავება; _ კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო სხვა ხარჯები, მათ შორის გამარჯვებულთა პრეზენტაციაზე; _ გაუთვალისწინებელი ხარჯები 5%-ის ოდენობით.

2.5 კონკურსის დამთავრების შემდეგ დგება დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა.

III. კონკურსის პროგრამა და პირობები

3.1 კონკურსის პროგრამასა და პირობებს ადგენს კონკურსის მომწყობი საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან, ხოლო პ. 1.9-ით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო/მუნიციპალურ ქალაქთმშენებლობით ორგანოებთანაც ერთად ან მათთან შეთანხმებით.

3.2 კონკურსის პროგრამაში უნდა აისახოს: ა) კონკურსის მომწყობის სრული რეკვიზიტები (დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა, საბანკო ანგარიშ(ებ)ის ნომრები); ბ) საკონკურსო თემის შერჩევის საფუძველი, შინაარსი, მიზანი და საკონკურსო ამოცანების მნიშვნელობა; გ) კონკურსის ჩატარების ფორმა; დ) კონკურსზე დაშვებულ მონაწილეთა წრე: ე) კონკურსის სამუშაო ენა (ენები); ვ) კონკურსის თემის დასამუშავებლად საჭირო გასაცემი ამოსავალი სატექსტო თუ გრაფიკული მასალა; ზ) მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და ნორმატიული მასალებისადმი დამოკიდებულება; თ) საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები; ი) კონკურსზე წარმოსადგენი მასალის ფორმები, შემადგენლობა, მასშტაბი, და ზომები; მათი გრაფიკული დამუშავებისათვის წაყენებული მოთხოვნები; მაკეტ(ებ)ის თუ მისი ფოტოების საჭიროება; სატექსტო მასალის ფორმა და მოცულობა; დევიზებისა და სადევიზო კონვერტების გაფორმების წესი და სხვა ამგვარი; კ) არაპრემირებული პროექტების საკუთრებისა და მოვლის საკითხი.

3.3. კონკურსის ორ ტურად ჩატარებისას მეორე ტურის პროგრამა და პირობები უნდა შეესაბამებოდეს პირველი ტურის ძირითად ამოცანას, საჭირო დაზუსტებებითა და დამატებებით.

3.4 კონკურსის პირობებში დადგენილი უნდა იყოს; ა) ამოსავალი მასალების გაცემის ვადა; ბ) საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების ჩატარების ადგილი და ვადა; გ) საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი; დ) საკონკურსო მასალების წარდგენის მისამართი და დრო; ე) პრემიებისა თუ სხვა სახის წახალისების (პროექტზე შემდგომი მუშაობის უფლება, დიპლომები, სტიპენდიები, საგზურები და ა.შ.) რაოდენობა, რანჟირება და გაცემის ვადა; ვ) კონკურსის ჟიურის შემადგენლობა, პასუხისმგებელი მდივნისა და, საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარის გამოყოფით; ზ) კონკურსში შედეგების შეჯამების ვადები; თ) არაპრემირებული პროექტების საკუთრების საკითხი და დაბრუნების წესი; ი) კონკურსის შედეგების რეალიზაციის რეკომენდირებული ფორმა.

3.5 კონკურსის პროგრამისა და პირობების გამოქვეყნების შემდეგ, მასში ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ, დამაჯერებლად არგუმენტირებულ შემთხვევაში, კონკურსის, პროგრამისა და პირობების დამამტკიცებელ/შემთანხმებელ ინსტანციებთან და ჟიურის წევრებთან შეთანხმებით; ისიც, საკონკურსო თემის დასამუშავებლად განსაზღვრული ვადის მხოლოდ პირველ ნახევარში. ამ შემთხვევაში კონკურსის პროგრამასა და პირობებში ცვლილებების შესახებ კონკურსის მონაწილეებს უნდა ეცნობოს იმავე წესით, რომლითაც გამოცხადდა კონკურსის პროგრამა და პირობები, ხოლო კონკურსის ვადები შესაბამისად გადაიწევს.

3.6 კონკურსზე წარმოდგენილი მასალების ხასიათი, შესრულების ფორმა და მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის მიზანს და ამოცანას. ეს მასალები დაყვანილ უნდა იქნას იმ მინიმუმამდე, რომელიც ჟიურის მისცემს პროექტის სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობას.

3.7 კონკურსის პირობები უნდა ატარებდეს ცალსახა ხასიათს. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროექტი კონკურსზე არ დაიშვება, რაც ფორმდება ჟიურის სათანადო ოქმით.

3.8 დასაშვებია კონკურსის პირობები შეიცავდეს კონტრკონცეფცი(ებ)ის (კონტრპროექტ(ებ)ის) წარმოდგენის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა იყოს წარწერა: “კონტრკონცეფცია” (“კონტრპროექტი”). იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პროგრამიდან გადახვევა კონცეპტუალური ხასიათისაა და ჟიურისათვის დამაჯერებლადაა არგუმენტირებული, ასეთი პროექტი განიხილება კონკურსგარეშე პროექტის სტატუსით. ჟიური უზრუნველყოფს კონტრპროექტის ექსპერტიზას და დასკვნას აწვდის მის ავტორს. ჟიურის რეკომენდაციით, ამგვარ პროექტს განიხილავს შესაბამისი არქიტექტურულ-გეგმარებითი ორგანოები.

3.9 პრემიების ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს საკონკურსო თემის მნიშვნელობისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობიდან. III პრემია არ უნდა იყოს შესაბამისი ობიექტის ესკიზური პროექტის ღირებულებაზე ნაკლები.

3.10 რეკომენდირებულია კონკურსის პრემიების შემდეგი პროცენტული შეფარდება: _ I პრემია _ 1 _ II პრემია 0,6 _ 0,7; _ III პრემია 0,4 _ 0,5: _ წამახალისებელი პრემია _ 0,2.

3.11 დასაშვებია კონკურსის მსვლელობაში დამატებითი თუ სპეციალური პრემიების დანიშვნა. ამასთან, სპეციალური პრემიები გაიცემა ამ პრემიების გამღების გადაწყვეტილებით , ჟიურისთან კონსულტაციის საფუძველზე.

3.12 გამოცხადებული პრემიების მოქმედი კანონმდებლობით დაბეგვრის თანხებს გაიღებს კონკურსის მომწყობი.

3.13 ორტურიანი კონკურსის ჩატარებისას რეკომენდირებულია პირველ ტურში რამდენიმე ტოლფასი მთავარი პრემიის დაწესება. მეორე ტურზე დაიშვებიან მხოლოდ მთავარი პრემიების ლაურეატები. მეორე ტურის პრემიები ინიშნება იმავე წესით, რაც ერთტურიანი კონკურსისათვის.

3.14 თუ ანონიმურ კონკურსში პრემია მიენიჭა პროექტს, რომლის ავტორ(ებ)ს წინამდებარე დებულების პ 3.2.დ)-ს მიხედვით კონკურსში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა(თ), ჟიურის ეს გადაწყვეტილება ბათილდება და პრემია გადაეცემა სხვა მონაწილეს, რომელსაც გამოავლენს ჟიურის საგანგებო სხდომა.

3.15 დაუშვებელია კონკურსის პროგრამითა და პირობებით დაწესწბული პრემიების გადასინჯვა, გაერთიანება, დანაწევრება, არგაცემა და სხვა ამგვარი ქმედება, გარდა პ. 3.14-ით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3.16 კონკურსის ხარჯთაღრიცხვის ყველა პოზიციის მიხედვით ანგარიშგება ხორციელდება ინფლაციის გათვალისწინებით.

საკონკურსო მასალების წარდგენის წესი

4.1 საკონკურსო მასალები წარდგენილი უნდა იყოს კონკურსის პროგრამით და პირობებით განსაზღვრული მოცულობით და ვადაში.

4.2 ღია კონკურსის ანონიმური წესით ჩატარებისას საკონკურსო პროექტები წარმოდგენილი უნდა იქნას ექვსნიშნა (არათანმიმდევრული ციფრებით) რიცხვით გამოსახული დევიზით, რომელიც უნდა დაისვას საკონკურსო მასალის ყველა ერთეულის ზედა მარჯვენა კუთხეში. საკონკურსო მასალას თან ერთვის დალუქულ კონვერტში მოთავსებული ბარათი, რომელიც შეიცავს კონკურსის მონაწილ(ეებ)ის გვარ(ებ)ს, სახელ(ებ)ს და მისამართ(ებ)ს. თუ საკონკურსო მასალა შესრულებულია ჯგეფის მიერ, სადევიზო კონვერტი ასევე უნდა შეიცავდეს ჯგუფის წევრების ხელმოწერით დადასტურებულ ცალკე ბარათს, რომელშიც ნაჩვენები უნდა იყოს ყოველი მათგანის მონაწილეობის ფორმა (ავტორობისა თუ ტექნიკური მონაწილეობის თვალსაზრისით) და, დაჯილდოვების შემთხვევაში, მონაწილეთა შორის საპრემიო თანხის თუ სხვაგვარი წახალისების განაწილების წესს.

4.3. კონკურსის ანონიმური ფორმით ჩატარების შემთხვევაში, დაუშვებელია საკონკურსო მასალებში ავტორ(ებ)ის გვარის, აგრეთვე მათ მიერ ან მათი მონაწილეობით ადრე შემუშავებული პროექტ(ებ)ის მინიშნება ნებისმიერი სახით.

კონკურსის ჟიური

5.1 კონკურსში ჟიურის არანაკლებ 2/3-ისა უნდა შეადგენდნენ არქიტექტორები, რომელთა კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია შეესაბამება კონკურსის მნიშვნელობასა და პროფილს. მათი კანდიდატურები რეკომენდირებული უნდა იყოს საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და დაინტერესებული მხარეების მიერ. ჟიურის დანარჩენ წევრებს ასახელებს კონკურსის მომწყობი. ჟიურის თავმჯდომარე უნდა იყოს არქიტექტორი. რეკომენდირებულია ჟიურის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 5-7 წევრით.

5.2 კონკურსის ორ ტურად ჩატარებისას ჟიურის შემადგენლობა უცვლელი რჩება, ობიექტური გარემოებებით განპირობებული შემთხვევების გარდა.

5.3 ჟიურის ეკისრება: _ შემოსული მასალების კონკურსის პროგრამასა და პირობებთან შესაბამისობის დადგენა. _ საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და მათთვის პრემიებისა თუ სხვა ფორმის წახალისების მიკუთვნება; კონკურსების შედეგების შეჯამება; _ პრემირებული პროექტ(ებ)ის შემდგომი დამუშავების თუ რეალიზაციის რეკომენდაციების ჩამოყალიბება წერილობითი სახით.

5.4 ჟიურის უფლება აქვს, საკონკურსო პროექტების შემოუსვლელობის შემთხვევაში (დანიშნულ პრემიათა რაოდენობაზე ნაკლები) ან შემოსული პროექტების ანალიზის შედეგად, კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადოს, რაც ფორმდება ჟიურის სხდომის სათანადო ოქმით და ქვეყნდება იმავე გზით, რომლითაც გამოცხადდა კონკურსი.

5.5 დასაშვებია საკონკურსო პროექტების ექსპერტიზის ჩატარება ჟიურის წევრების მიერ, დამატებითი ანაზღაურებით. იმ სპეციალურ საკითხთა შესაფასებლად, რომლებიც სცილდება ჟიურის წევრთა კომპეტენციას, შეიძლება მოწვეულ იქნან სათანადო ექსპერტები. ექსპერტიზა წარმოადგენს ჟიურის მუშა ორგანოს; ამასთან, ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობა უშუალოდ ჟიურის მუშაობაში აუცილებელი არ არის.

5.6 ჟიურის პასუხისმგებელი მდივნის მოვალეობასშეადგენს: _ ჟიურის პირველი სხდომის მოწვევა _ კონკურსის გამოცხადებისა და მისი შედეგების შესახებ განცხადებების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; _ კონკურსის პროგრამებისა და პირობების, აგრეთვე ამოსავალი მასალის დროული გაცემა და ამასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება; _ საკონკურსო პროექტების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი საბუთის გაცემა; _ ექსპერტთა მუშაობის ორგანიზაცია; _ კონკურსის მომწყობთან, ჟიურის წევრებთან, ექსპერტებთან, პრესასთან, საზოგადოებასთან კავშირი; _ ჟიურის სხდომათა მოწვევის უზრუნველყოფა, ჟიურის ოქმებისა და გადაწყვეტილებების შედგენა; _ კონკურსის მომწყობთან ერთად კონკურსთან დაკავშირებით შრომითი ხელშეკრულებების შედგენა, აგრეთვე კონკურსის პრემირებულ მონაწილეებზე ფულადი თუ სხვა სახის ჯილდოების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; _ არაპრემირებული და კონკურსიდან გამორიცხული საკონკურსო მასალების ავტორებისათვის დაბრუნების უზრუნველყოფა; _ ჟიურის თავმჯდომარისა და კონკურსის მომწყობის დავალებით, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარება;

5.7 პასუხისმგებელი მდივანი ჟიურის სხდომებში მონაწილეობს ხმის უფლების გარეშე.

5.8 ჟიურის ყველა წევრი თითოეულ საკონკურსო პროექტს აფასებს წერილობით; მათი დასკვნები უნდა დაერთოს ჟიურის ბოლო სხდომის ოქმს.

5.9 ჟიურის წევრებს, ჟიურის პასუხისმგებელ მდივანს, მოწვეულ ექსპერტებსა და კონკურსის პროგრამა და პირობების შემდგენელს უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საკონკურსო პროექტის დამუშავებაში ნებისმიერი_ უშუალო თუ გაშუალებული _ სახით და პრემირებული პროექტების შემდგომ დამუშავებაში (კონსულტაცია, ცალკეული ინფორმაციის მიწოდება, ტექნიკური ხელშეწყობა და ა.შ.). კონკურსის დასრულებამდე მათ ეკრძალებათ ჟიურის მუშაობასა და საკონკურსო პროექტების ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.

5.10 მუხლი 5.9-ში ჩამოთვლილი ყველა პირი მორალურ პასუხს აგებს ამავე მუხლში ჩამოყალიბებული პირობების დაცვაზე. დარღვევის შემთხვევაში საქართველოს არქიტექტორთა კავშირი ვალდებულია დამრღვევს გამოუტანოს საზოგადოებრივი გაკიცხვა, ჩამოართვას მას შემდგომში კონკურსების ჟიურის მუშაობაში მონაწილეობისა თუ ექსპერტიზის ჩატარების უფლება,დასვას მის მიმართ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების საკითხი.

საკონკურსო პროექტების განხილვის წესი

6.1. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები განიხილება ჟიურის დახურულ სზდომებზე. გადაწყვეტილებები მიიღება ჟიურის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის დასწრებისას, ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დასაშვებია ხმის მოწოდება წერილობით.

6.2. ჟიურის მუშაობა მიზანშეწონილია წარიმართოს რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე გამოირიცხება პროექტები, რომლებიც არ პასუხობს კონკურსის პირობებს (კონტრკონცეფციების გარდა)

6.3. ორტურიანი კონკურსის II ტურის ანონიმური წესით ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, ორტურიანი კონკურსების ანონიმური წესით ჩატარებისას ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი I ტურის დამთავრების შემდეგ ხსნის მხოლოდ პრემირებული პროექტების სადევიზო კონვერტებს; II ტურზე დაშვებულ მონაწილეებს იგი უგზავნის შესაბამის შეტყობინებასა და II ტურის დაზუზტებულ პროგრამას. II ტურში მონაწილე ავტორებმა კონკურსის ბოლომდე შეიძლება დაიბრუნონ I ტურის თავ-თავიანთი პროექტები. II ტურის პროექტები ინარჩუნებენ I ტურის დევიზს. II ტურში ავტორთა შემადგენლობაში შესაძლო ცვლილება აისახება ახალ სადევიზო კონვერტში ჩადებულ ბარათში.

6.4. ანონიმური ორტურიანი კონკურსის მომწყობი ვალდებულია შეინარჩუნოს მონაწილეების ანონიმურობა II ტურის დასრულებამდე.

6.5. პროექტების შეფასების პრინციპებს ჟიური განსაზღვრავს ყველა ცალკეულ შემთხვევაში და გამოფენის გახსნის დღეს ვალდებულია მოახსენოს დამსწრე საზოგადოებას.

6.6. საკონკურსო პროექტების საზოგადოებრივი განხილვის შედეგები, აგრეთვე ექსპერტთა დასკვნები ჟიურის მიერ განიხილება მის დასკვნით სხდომაზე, რომელზედაც ჯამდება კონკურსის შედეგები და გამოიტანება გადაწყვეტილება პრემიებისა და სხვა ჯილდოების მინიჭების შესახებ.

6.7. ჟიურის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, კენჭისყრაში მონაწილე ჟიურის ყველა წევრის ხელმოწერით, შესაძლო განსაკუთრებული აზრის წერილობითი დაფიქსირებით.

6.8. კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა მასალის თითო კომპლექტი (პროგრამა და პირობები, ხარჯთაღრიცხვა, ექსპერტთა დასკვნები, ჟიურის სხდომების ოქმები, ფოტოფიქსაციის მასალები, კატალოგი და ა.შ.) ინახება კონკურსის მომწყობთან და საქართველოს არქიტექტორთა კავშირში; ისინი კონკურსის დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

6.9. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა; მისდამი პრეტენზიები განიხილება მხოლოდ სასამართლოს წესით.

VII. ეთიკური ვალდებულებები

7.1. არქიტექტორი ვალდებულია თავი შეიკავოს იმ კონკურსში მონაწილეობისაგან რომლის პირობები შელახავს კოლეგიის საავტორო უფლებებს ან ეწინააღმდეგება წინამდებარე დებულების ძირითად პრინციპებს.

7.2. არქიტექტორი, რომელიც პირადად დაინტერესებულია კონკურსის შედეგებით, ვალდებულია ამ კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვას.

7.3. კონკურსის პირობების დარღვევით არქიტექტორი ზიანს აყენებს კონკურსში მონაწილე კოლეგების შემოქმედებით ინტერესებს. კონკურსში მონაწილენი და ჟიურის წევრები ვალდებულები არიან წინააღმდეგობა გაუწიონ კონკურსის პირობების დარღვევის მცდელობებს.

7.4. რეკომენდირებულია, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი ორგანოების თანამდებობის პირებმა – დირექტორებმა, თავმჯდომარეებმა, მათმა მოადგილეებმა და ქვედანაყოფის ხელმნძღვანელებმა – თავი შეიკავონ მათი გამგებლობის ტერიტორიაზე გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღებისაგან.

VIII. პრემიების მინიჭება, რეკომენდაციების შემუშავება და კონკურსის შედეგების შეჯამება

8.1. ჟიურის გადაწყვეტილებით საკონკურსო ნამუშევრებს შორის საუკეთესოებს ენიჭება დაწესებული პრემიები, კონკურსის პირობებში განსაზღვრული წესით.

8.2. ღია და ანონიმური ფორმით კონკურსების ჩატარებისას სადევიზო კონვერტები იხსნება ჟიურის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; იხსნება მხოლოდ ის კონვერტები, რომელთა შესაბამის პროექტებს მიენიჭათ ამა თუ იმ სახის პრემია თუ ჯილდო, გარდა დებულების 3.4.-ში განსაზღვრული შემთხვევისა.

8.5. დახურული კონკურსების შედეგები წერილობით უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს ჟიურის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ორი კვირის ვადაში.

8.6. ჟიურის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი კონკურსების ყველა საკონკურსო პროექტი საჯაროდ გამოეფინება ერთი კვირის განმავლობაში. პრემირებულ პროექტებზე აღნიშნული უნდა იყოს პრემიის რანგი (I, II და ა.შ.) და ავტორთა ვინაობა.

8.7. კონცეპტუალურ კონკურსებში გამარჯვებული წინადადებები საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი პრობლემისა თუ ამოცანის შემდგომ დამუშავებას. ამ წინადადების ავტორები მოწვეულ უნდა იქნან ყველა შემდგომი სტადიის დასამუშავებლად _ საკვლევი სამუშაო, დავალებების შედგენა, პროექტის დამუშავება, მისი რეალიზაცია.

8.8. იმ შემთხვევაში თუ კონკურსში გამარჯვებული ავტორ(ებ)ი ამა თუ იმ მიზეზით ვერ აგრძელებს მუშაობას პროექტზე, პროექტის მესაკუთრე უფლებამოსილია მოიწვიოს სხვა სპეციალისტები, გამარჯვებული ავტორ(ებ)ის შესაბამისი საავტორო უფლებების შენარჩუნებით.

8.9. ყველა ფორმის კონკურსის პრემირებული პროექტები გადადის კონკურსის მომწყობის საკუთრებაში, ავტორების შესაბამისი საავტორო უფლებების შენარჩუნებით. დანარჩენი პროექტების საკუთრების საკუთრების საკითხს წყვეტს კონკრეტული კონკურსის პირობები, საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის გათვალიწინებით.

8.10 თუ კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია არაპრემირებული ან არასრულფასოვანი პროექტების დაბრუნება, ისინი უნდა დაუბრუნდნენ ავტორებს წერილობითი მოთხოვნით, კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პროექტები და გაუხსნელი სადევიზიო კონვერტები ავტორებს აღარ დაუბრუნდება. ამ შემთხვევაში კონკურსის ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი ადგენს სათანადო აქტს.

8.11. ჟიურის წევრთა აზრი საკონკურსო პროექტების შესახებ არ ქვეყნდება კონკურსის შედეგების გამოცხადებამე.